ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილია რასაც ამბობს - მამუკა მდინარაძე ნინო ქათამაძეზე

მამუკა მდინარაძე

ნუ გავრევთ სპორტსმენებსა და ხელოვანებს პოლიტიკაში - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეცდომაში შეჰყავთ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

ერთ-ერთ მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა ნინო ქათამაძე დაასახელა. მომღერალმა განაცხადა, რომ ინიცირებული კანონი ემიგრანტებსაც შეეხებათ და თუ ემიგრანტი ქვეყანაში დაბრუნდა, ფული ჩამოიტანა და აქციაზე გავიდა, ეს კანონით აეკრძალება. მდინარაძე ასეთ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კანონი ფიზიკურ პირებს არ ეხებათ.

"ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს არ ვეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ და არ ვრევთ, რადგან მომღერალი, მოცეკვავე, ხელოვანი, მხატვარი, სპორტსმენები - ყველას უყვარს ეს ხალხი და იყოს ეს ხალხი ყველასი. ხომ შეიძლება, მომღერლები არ ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი გამოვიყვანოთ და ტყუილები ვალაპარაკოთ.

ჩემი დიდი პატივისცემა ნინო ქათამაძის ნიჭს, მაგრამ ტყუილია, რომ ემიგრანტი ჩამოვიდა, ჩამოიტანა ფულიო, გამოვიდა მიტინგზე და ეს არ შეიძლება ამ კანონითო. უფრო დიდი ტყუილს ვერ მოიფიქრებ. ან დაარწმუნეთ ეს ადამიანი და ამ ბინძური, შავი ფულისთვის გამართული კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდა, ან შეგნებულად იტყუება. თვითონ უნდა აირჩიოს ან რატომ კადრულობს, ან რატომ უჯერებს ასე უაპელაციოდ,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.