ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი: შოკში ვარ. სასაცილოა, რაც გააკეთა ბრიტანეთის მთავრობამ. „იმედის“ დასანქცირება აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებაა

იან პრაუდი

შოკში ვარ რატომ მოხდა ეს, - ასე ეხმაურება ბრიტანელი დიპლომატი, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტი იან პრაუდი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, დიდ ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სანქციების მიზეზი სავარაუდოდ არის ის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არ უჭერს მხარს საქართველოს ომში ჩაბმას.

„იყო ფაქტობრივად ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა დასანქცირდეს „ტვ. იმედი“, რადგან მხარს არ უჭერს პოლიტიკას, რომ საქართველომ დაუწესოს რუსეთს სანქციები, ომში საქართველოს ჩათრევას მხარს არ უჭერს. მე რასაც ვაკვირდები ვხედავ, რომ „იმედი“ მხარს უჭერს დამოუკიდებელ პოზიციებს, დამოუკიდებელ ხმას. სასაცილოა, რაც გააკეთა ბრიტანეთის მთავრობამ. „იმედის“ დასანქცირება არის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება“, - განაცხადა იან პრაუდმა.

მას ეჭვი ეპარება, რომ „იმედი“ მიიღებს პასუხს დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან კითხვაზე, თუ რას ეყრდნობა სანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

„ეჭვი მეპარება, რომ რაიმე პასუხს გასცემს ბრიტანეთის მთავრობა „იმედს“ დასანქცირებაზე. ყველაფერი, რაც მე მინახავს „ტელეიმედში“, ეს იყო დამოუკიდებელი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის. ვერ ვხედავ, რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ბრიტანეთის მხრიდან სანქციების დაწესების. დარწმუნებული ვარ, რომ ახსნა - განმარტება არ მოჰყვება ამას“, - განაცხადა იან პრაუდმა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ, რასაც არხი შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა.

„იმედთან“ დაკავშირებით სანქციების შემოღების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, თითქოს, ტელეკომპანია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით განზრახ ისეთ ინფორმაციას ავრცელებდა, რომელსაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდა და უკრაინის დესტაბილიზაციას იწვევდა.

„ქრონიკამ“ კითხვით მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტები, რომელმაც უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია.