ბოლო 10 წელში, კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს, როდესაც 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მილიონი ლარი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფოს მიერ 2012 წლის შემდეგ კერძო კლინიკების დაფინანსებაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლისგან განსხვავებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს.

„ახლა მინდა რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო. 2012 წლამდე ძალიან მწირი დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოდან. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვიდან 97%, რაც შეადგენს თითქმის 6.8 მილიარდ ლარს. ექვსი მილიარდ რვაას მილიონ ლარს შეადგენს ჩვენ მიერ გადახდილი თანხა. ამას ემატება კოვიდპანდემიის დროს მილიარდ ლარზე მეტი ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის. მაშინ, როდესაც 2012 წელს მთლიანად, ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მილიონი ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავება არის ჩვენი ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებსა და 2012 -მდე გაკეთებულ საქმეებს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.