ბექა ძამაშვილი: წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში არ ფიქსირდება [პატიმართა] არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, დასკვნა

ბექა ძამაშვილი

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში არ ფიქსირდება [პატიმართა] არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

ძამაშვილის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, დასკვნა.

„რა თქმა უნდა, მთავარი ზოგადი შეფასება რომ გავაკეთოთ, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ რა არის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მთავარი მანდატი და მიზანი. როდესაც ისინი ჩადიან კონკრეტულ ქვეყანაში, მთავარი აფასებენ როგორ არის დაცული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა დახურულ დაწესებულებებში. განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში და დინამიკა წლების მიხედვით არის ძალიან მკაფიო საქართველოსთან მიმართებით.

მთავარი დასკვნა რომ ავიღოთ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან, არის ის, რომ CPT-ი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ამბობს, რომ საქართველოში არ ფიქსირდება არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, დასკვნა. საინტერესოა წლების განმავლობაში, დინამიკაში რადგან სწორედ ეს კომიტეტი იყო ის შემფასებელი, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემას ახასიათებდა ისეთ ადგილად, სადაც წამება იყო სისტემური და სისტემატური. ანუ, ეს იყო მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და მას არ ჰქონია რაღაც იზოლირებული შემთხვევები. არამედ, საუბარი იყო სისტემურად, მასობრივად გავრცელებულ სტანდარტზე. დღეს უკვე CPT-ი ძალიან თავისუფლად საუბრობს, დასკვნაში წერს და ეს არ არის მხოლოდ წელს გამოქვეყნებული დასკვნა, ანალოგიური შეფასება იყო გაკეთებული ორი წლის წინ, კიდევ რამდენიმე წლის წინ. ანუ, ფაქტობრივად, ეს ასახავს მთლიანად პენიტენციურ სისტემას, მთლიანად სახელმწიფოს მიდგომას პატიმრებთან მიმართებით, რომ წამება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრა. პირიქით, საქართველოს პენიტენციური სისტემა ასოცირდება ადამიანის უფლებების დაცვასთან“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.