აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია, რომელზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს

აღმოაჩინეს უძველესი ბაქტერია

რუმინელმა მკვლევრებმა სკერიშოარას მღვიმეში ბაქტერიის უძველესი შტამი იპოვეს, რომელიც თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულია.

ჟურნალის Frontiers in Microbiology ცნობით, ბაქტერია Psychrobacter SC65A.3 ხუთი ათასი წლის წინანდელ ყინულის ნალექებში აღმოაჩინეს. ამ შტამს ერთდროულად 10 თანამედროვე ანტიბიოტიკისთვის შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა და ფლობს 100-მდე გენს, რომლებიც ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციაზეა პასუხისმგებელი.

რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, კრისტინა პურკერიამ აღნიშნა, რომ თუ ყინულის დნობა მსგავს ბაქტერიებს გამოათავისუფლებს, მათ სხვა მიკრობებში გავრცელება შეეძლებათ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს წამლების მიმართ ბაქტერიების მდგრადობის პრობლემას.

მკვლევრის თქმით, უძველესი მიკრობების შესწავლა მეცნიერებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ჩამოუყალიბდათ მათ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა მანამ, სანამ ადამიანი ამ მედიკამენტების მასობრივ გამოყენებას დაიწყებდა.