აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განაცხადი, როგორც მინიმუმ, ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარის პოზიცია დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული - გურამ მაჭარაშვილი აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ

მაჭარაშვილი

 ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შტატებთან ურთიერთობა უკვე გადავიდა პოზიტიური დღის წესრიგის ფორმატში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და მისმა მოადგილის განცხადებები მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას, დადებით კონტექსტში, დაფიქსირებული აქვს თავის პოზიციები ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირდაპირი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოდან არის პოზიტიური გზავნილები და აქვთ იმედი, რომ ეს ურთიერთობები აღდგება, მინიმუმ, ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარის პოზიცია დადებით კონტექსტშია დაფიქსირებული.

ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ნელ-ნელა, პოზიციები შეჯერდება. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც წამოვიწყეთ 2022 წელს, როდესაც ვთქვით, რომ ხასიათი უნდა გამოვაჩინოთ და არ უნდა ავყვეთ სხვა სახელმწიფოს, რათა პროქსი ომი, როგორც ეს უკრაინაში შეძლეს, ისე არ იყოს საქართველოში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო მდივანმა და მისმა მოადგილემ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის სურვილზე ისაუბრეს. მარკო რუბიომ განცხადება წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და თქვა,რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები რაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე მიანიშნებს. მისი მოადგილის განცხადებით, კი შტატები დაინტერესებულია საქართველოთი და აუცილებელია უკვე მიღწეული შეთანხმებების გააქტიურება.