არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის, ასევე კანონი არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს - მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ქართულ კანონპროექტში არც ერთი აკრძალვა არ არის, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში, საქართველოში ეს არ გავრცელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, არ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ ქვეყანა ევროპას დააშოროს.

„გუშინდელმა დღემ ბევრი რამ გამოაჩინა, გამოაჩინა ისიც,  რომ ერთი მიზეზი იმისა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არ შეიძლება რაიმე კრიტიკას დაექვემდებაროს, თუმცა სტიგმატიზება ამ კანონის უკვე ერთ წელზე მეტია, დაწყებულია. უნდა ვთქვათ მოსახლეობის და საზოგადოების გასაგონად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს გამჭვირვალობას, რომლის ხერხიც არის ის, რომ ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, საქართველოს ფარგლებს გარედან, ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღებენ შემოსავალს წლის განმავლობაში 20 პროცენტზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები. ყოველი წლის იანვარში წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იქნება შემოსავლები და გაწეული ხარჯები დეტალურად. ეს არის ერთადერთი ვალდებულება, რაც აკისრია მედია და „ენჯეო“ ორგანიზაციებს. არც ერთი აკრძალვა, განსხვავებით სხვა ქვეყნებში არსებული კანონებისგან, ქართულ კანონპროექტში არ არის. განსხვავება სხვა ქვეყნების კანონმდებლობისგან ასევე არის ის, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის ფიზიკური პირიც ვალდებული, რომელიც იღებს უცხოეთიდან შესაბამის დაფინანსებას, რომ დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში. საქართველოში ეს არ გავრცელდება ამ კანონის მიღების შემდეგ და არც ერთ ფიზიკურ პირს კანონი არ შეეხება. დანარჩენი არის პრაქტიკულად ტექნიკური მუხლები, რომლებიც შეეხება მონიტორინგს, პროცედურებს,დარეგისტრირების წესს და ა.შ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე და როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეა არ იყოს მისაღები საქართველოსთვის.

„გამჭვირვალობის მიზანი არ არის ერთგვარი თვითმიზანი. როდესაც ქვეყნები უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში. ამას კანონით არეგულირებენ, აქ მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა კანონის არ არის მაინცდამაინც განსაკუთრებული მიზანი. საუბარია იმაზე, რომ მათ დააზღვიონ გარდა იმ კარგი საქმეებისა, რასაც „ენჯეოს“ წარმომადგენლები ახორციელებენ ქვეყანაში, დააზღვიონ და სხვადასხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება, შეეხებოდეს, მაგალითად პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიურ ექსტრემიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის ის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში, თუ არსებულ რეალობაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. პირობითი პროცენტი, დავუშვათ 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად დანარჩენი 30%, 40% ან 25% პირობითად ხმარდება სავარაუდოდ ისეთ საქმეებს, რომელიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. ასეთი ბევრჯერ გვინახავს, მაგალითად „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, „ისფედის“ გაყალბებული პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ესენი ყველანი დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ. მაშინ როდესაც ევროპული დემოკრატია მთლიანად აგებულია გამჭვირვალობის და დემოკრატიის სხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის იდეამ და მისმა კანონში ასახვამ დაგვაშოროს ევროპას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვთხოვ მხარდაჭერას ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან იშიფრება უკვე ის სპეკულაციური ნარატივი, რაც ამ კანონის, ქართული კანონის, გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის გარუსებას ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთადერთი თხოვნა მექნება მათთან, კანონის ერთი მუხლი ან პუნქტი დაასახელონ, რაც ვერ შეძლეს გუშინ მთელი სხდომის განმავლობაში. დღესაც იგივე წესს თუ მიმართავენ, ეს საზოგადოების მხრიდან მიჩნეული იქნება, რომ მათ არ სურთ, არ აქვთ არგუმენტები“, – განაცხადა მდინარაძემ.