1794323832
არჩილ გორდულაძე: თუ ერთი კონკრეტული პირის გაკეთებული განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს პარტია დუმილით შეხვდება, შუღლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ამ პარტიასაც შეერაცხება. აქ მთავარი ის კი არ არის, ერთი კონკრეტული ადამიანი რას ამბობს, აქ მთავარია, პარტიები რა ნაბიჯებს დგამენ და როგორ მოქმედებენ
ყველაზე მარტივი არის დადგენა იმისა, რომ პარტიას აქვს არაკონსტიტუციური მიზნები, როდესაც ეს მას უწერია მის პლატფორმაში, სადამფუძნებლო დოკუმენტებში ან საარჩევნო პროგრამის სახით აქვს გაცხადებული, ან პირდაპირ ამ ყველაფერზე საუბრობს. მეორე ვარიანტი არის, როდესაც ეს ყველაფერი ქმედებაში უკვე გამოხატულია. უკვე დამდგარი ფაქტებია ან კიდევ მოწოდება აქვს, რომ ასეთი ფაქტი დადგეს, -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ. მანვე აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციური მიზნების დადგენა ორგვარად ხდება.
კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს კითხვით მიმართა, „ზიანის მიყენების ფაქტი საკმარისი არის თუ არა იმისათვის, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, რომ ეს პარტია ამ მიზნით მოქმედებდა თუ ეს ცალკე მტკიცების საგანი უნდა გახდეს, რომ ასეთი შედეგის დადგომა იყო სასურველი და მიზანდასახული.“
გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბატასუნას გახმაურებულ საქმეზე და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, პარტიას პასუხისმგებლობა დუმილისთვისაც კი ეკისრება.
„სტრასბურგის სასამართლოს აქვს პრაქტიკა დაყენებული, მაგალითად, ისევ და ისევ ამ ბატასუნას საქმესთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არა თუ გადადგმული ნაბიჯი, ან ქმედება ან მეორე მხრივ ან რამე განცხადების გაკეთება, დუმილიც კი პარტიებს შეერაცხათ, ესპანეთის შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად და სტრასბურგის სასამართლომაც სწორად მიიჩნია. როდესაც შენ ერთი მხრივ, დგამ ნაბიჯებს, ახალისებ ადამიანებს, რომ სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპის უბრალოდ გაუქმებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პარტიას ეს უწერია ძალიან კარგი დემოკრატიული მიზნები და მაღალფარდოვანი სიტყვების ჩანაწერი აქვს თავის სადამფუძნებლო დოკუმენტებში. მიუხედავად იმისა, როდესაც აი ამ სამართლებრივი ზოგად კონსტიტუციური წყობილების წინ, დამხობას იგი ერთი მხრივ უზრუნველყოფს იმით, რომ მაგალითად არ იძიებს კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ პირებს არ სჯის, ასეთ საკითხებს არ ემიჯნება, არ გმობს, ამავდროულად ისევ და ისევ ერთობლივად და სისტემატურად იმეორებს და არაერთხელ ნაბიჯებს დგამს, რა თქმა უნდა, ის სამომავლო საფრთხესაც ქმნის, რომ როდესაც იგი იქნება მოსული ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ანალოგიურს გააკეთებს. არ შეიძლება კონკრეტული საკითხი, მითუმეტეს როდესაც კონსტიტუციას ეხება საქმე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვა-სიტყვით განმარტებით გამოვიდეთ, აქ რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს და ზოგადად თითოეულმა მოქალაქემაც უნდა შეაფასოს, თუ რა არის ნორმის სულისკვეთება. მათ შორის შუღლთან დაკავშირებითაც, თუ მაგალითად ერთი კონკრეტული პირის გაკეთებული განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს კონკრეტული პარტია დუმილით შეხვდება, პასუხისმგებლობა ამ შუღლის ჩამოგდებაზე ამ პარტიასაც შეერაცხება მიუხედავად იმისა, რომ მას სადამფუძნებლო დოკუმენტებში მაგალითად უწერია, რომ განუხრელად სცემენ ადამიანის უფლებებს პატივს და დისკრიმინაციის ყველა ფორმა უნდა იყოს აღმოფხვრილი. აქ მთავარი ის კი არ არის, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი რას ამბობს ან რას აკეთებს, აქ მთავარი არის, რომ კრებსითად პარტიები რა ნაბიჯებს დგამენ და როგორ მოქმედებენ. მთავარი რა თქმა უნდა მოქმედებაში გამოხატული არის ქმედება და არა კონკრეტულად სიტყვების ან წერილობითში. კომპლექსურად უნდა იყოს თითოეული საკითხი შეჯამებული. და ისევ და ისევ რამდენად სისტემურად, რამდენად სისტემატურად განგრძობითად ხდება ისევ და ისევ სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ზოგადად კონსტიტუციური წყობილების დარღვევა“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









