1794323832
მეცნიერებმა უჩვეულო მაგნიტური ანომალია აღმოაჩინეს — კომპასები მიმართულებას კარგავენ, მიწის ქვეშ კი შესაძლოა იდუმალებით მოცული ობიექტები იმალებოდეს
ბაიკალის ტბაზე, კუნძულ ოლხონის ჩრდილოეთ ნაწილში, უჩვეულო მაგნიტური ანომალია აღმოაჩინეს, რომლის გამოც კომპასები სწორ მიმართულებას ვეღარ აჩვენებენ. ერთ-ერთ წერტილში საზომმა ხელსაწყოებმა თითქმის 81 ათასი ნანოტესლა დააფიქსირეს. ამის შესახებ SHOT მეცნიერების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება.
დაახლოებით 400 მეტრის სიგრძის მონაკვეთი სპეციალისტებმა გეოფიზიკური კვლევის დროს გამოავლინეს.
ცალკეულ წერტილებში მაგნიტური ველის გადახრის მაჩვენებელმა 7 ათას და 19 ათას ნანოტესლას მიაღწია, მაშინ როცა ამ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი ანომალიური ფონის მაჩვენებელი დაახლოებით 100 ნანოტესლაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხელსაწყომ უშუალოდ მიწის ზედაპირთან დააფიქსირა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ძლიერი გადახრების წყარო, სავარაუდოდ, მიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. როდესაც მაგნიტომეტრი მიწიდან გარკვეულ სიმაღლეზე ასწიეს, მისი მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ანომალიას შედარებით მცირე ზომის ობიექტი იწვევს.
დამატებითმა კვლევებმა კიდევ რამდენიმე საიდუმლოება გამოავლინა. გეორადარმა მიწის ზედაპირიდან 5-6 მეტრის სიღრმეზე გუმბათის ფორმის სტრუქტურები დააფიქსირა. მათ სიახლოვეს მეცნიერებმა ორი ხევიც შენიშნეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელოვნური წარმოშობისაა. იქვე ძველი, დაჟანგული წერაქვიც აღმოაჩინეს.
ერთ-ერთი ვერსიით, უჩვეულოდ ძლიერი მაგნიტური ველი შესაძლოა ამ ტერიტორიაზე ძველად რკინის წარმოებას უკავშირდებოდეს. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მიწის ქვეშ ჩამარხული იყოს ძველი სადნობი ღუმელები, რომლებშიც მადნისა და წიდის ნარჩენები შემორჩა.
კიდევ ერთი შესაძლო ახსნა ზედაპირთან ახლოს მდებარე რკინის მადნის ან მაგნეტიტის საბადოებია.
ამ ეტაპზე ანომალიის ზუსტი წარმოშობა დადგენილი არ არის. არსებული ჰიპოთეზების შესამოწმებლად მეცნიერები გეოფიზიკური კვლევების გაგრძელებას, ასევე არქეოლოგებისა და გეოლოგების ჩართვას გეგმავენ.
სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენილი მონაკვეთი ადამიანებისა და ბაიკალის ბუნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მას ჩვეულებრივი კომპასების მუშაობის დარღვევა შეუძლია.








