არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაო

არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. კითხვებს ამჯერად მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს უსვამენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სხდომაზე თქვეს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეები პარტიას არ უნდა მიეწეროს. სამართლებრივი ნონსენსი - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება, სადაც დღეს ისიც თქვეს, რომ მალე "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილსაც გაემიჯნება. მათივე შეფასებით, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი ფაქტებზე, რომელიც ადასტურებს სისტემურად ადამიანის უფლებათა დარღვევებს, დამოუკიდებლობის ხელყოფას და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილის წევრობასაც კი უარყოფს.

"როგორც მითხრეს, ქალბატონი ანა წითლიძე ერთ-ერთ ეთერში საუბრობდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიების მხარეს არის ინტელექტი და პროფესიონალიზმი და დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები ნახა საზოგადოებამ. ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობდნენ ხშირად, რომ პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტსაც კი თმები ყალყზე დაუდგებოდა. მაგალითად, ისიც მოვისმინეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილა ადამიანის უფლებები.

ადამიანი, რომელიც არის პროფესორი, აკადემიურ სფეროშია და წიგნების ავტორია, ამას ამბობდა თავიდან და შემდეგ არაერთი ჩაკითხვის შემდეგ გამოასწორა როგორღაც, რომ აბსოლუტურ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობდა. თურმე "ნაციონალურ მოძრაობასთან" არავითარი კავშირი არ ჰქონია ზურაბ ადეიშვილს, არავითარი კავშირი არ ჰქონია ვანო მერებიშვილს. "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს და ბოლოს ესენი იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაო.

ადამიანის უფლებების დარღვევის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული ერთიანობის საფრთხის შექმნის ფაქტების წინააღმდეგ, როდესაც არაფერი არ აქვთ სათქმელი, საბოლოო ჯამში, შეიძლება ისიც თქვან, რომ 2004-2012 წლებში "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში საერთოდ არ ყოფილა", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

✕