არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა

არჩილ გორდულაძე

ტყუილია, რომ თითქოს პარტიებს ერთმანეთთან კოალიციის გამო კრძალავენ - ჩვენ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ იმის გამო, რომ ისინი ერთიანი სტრატეგიით არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელების მიზნით მოქმედებენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ისინი ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.“

ამასთან, გორდულაძემ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას პარტია დღესაც არ ემიჯნება და ამართლებს 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეგზავნა და რომლითაც ეს პარტიები ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენას ითხოვდნენ, კერძოდ, მათ შორის ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო და ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო.

✕