ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
ადამიანებს 4 წელიწადში ერთხელ ქვეყანაში ჩამოსვლის ვალდებულება ექნებათ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არანაირად არ ზღუდავს მათ საარჩევნო უფლებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც ვრცელდება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული ინფორმაციები, ამ დროს რთულია, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ამომრჩეველმა გაიგოს, ქვეყანაში რა არის რეალობა. ამდენად, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად კი მნიშვნელოვანია, მათ შორის, სახელმწიფოს როლიც.
„საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებებში პირდაპირ მითითებულია, რომ არსებობს გამოწვევები და ამ გამოწვევებზე პასუხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილების საგანს წარმოადგენს.
მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ისინი არიან უცხო ქვეყნის იურისდიქციაში, მათზე გავლენა არის უცხო ქვეყნის. ამავდროულად, ინფორმაციის მიღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი საშუალებებით, იქნება ეს მედია, თუ ინტერნეტის მეშვეობით, როდესაც ვრცელდება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული ინფორმაციები, ამ დროს რთულია, რომ რეალობა რა არის ქვეყანაში, ამომრჩეველმა გაიგოს. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების წყარო სწორედაც რომ ხალხია, ხალხმა უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია, მათ შორის, სახელმწიფოს როლიც. რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია, სხვა ქვეყნებში ჰქონდეს შესაძლებლობა, ეფექტურად დაიცვას თავისი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან და დეზინფორმაციის გავრცელება თანამედროვე მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევა, რაზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უდიდესი ქვეყნები, სადაც საუბარია გარედან ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან - გავიხსენოთ აშშ-ის, საფრანგეთის მაგალითები და ბევრი საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოების დაცვა მოხდეს. მაშინ, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკურად იყვნენ აქტიურები, შესაბამისად თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ზოგად პოლიტიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. ამიტომ, ადამიანებს 4 წელიწადში ერთხელ ქვეყანაში ჩამოსვლის ვალდებულება ექნებათ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არანაირად არ ზღუდავს მათ საარჩევნო უფლებას“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მთელი რიგი ქვეყნები, კერძოდ, მალტა, სომხეთი, ირლანდია უცხო ქვეყანაში თანამოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნებს არ ხსნიან.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების - უცხოეთში მყოფი პირების - არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.