სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად - ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება ყველა შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად.

ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას გაუზიარებს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„კატასტროფების გამომძიებელი ჯგუფის მიერ შეგროვებული მონაცემების, ასევე შავი ყუთის შესწავლის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, უფრო ნათლად გავიგოთ ამ ტრაგიკული ინციდენტის დეტალები, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ ღიად გავუზიარებთ ამ ინფორმაციას საზოგადოებას, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ავიაკატასტროფის შემდეგ ცხედრებისა და თვითმფრინავის შავი ყუთის მოძებნა ოპერატიულად მოხდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას, რომელმაც თურქეთის ტკივილი გაიზიარა.

„ჩვენ მივიღეთ სამძიმრისა და სოლიდარობის შეტყობინებები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ჩვენი მოძმე ქვეყნებიდან. კერძოდ, საქართველომ და აზერბაიჯანმა კატასტროფისთანავე მოახდინეს ყველა რესურსის მობილიზება, სრულად ითანამშრომლეს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განთავსებაში, ნამტვრევების შეგროვებასა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.