1750017082
აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა, 70 პროცენტი წინააღმდეგია - ელენე ხოშტარია

აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა, რომ თბილისში არანაირი არჩევნები არ უნდა, 70 პროცენტი წინააღმდეგია, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიას კითხვა დაუსვეს სოციოლოგიურ გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, გამოკითხულთა 54 პროცენტის პასუხია „დიახ“.
„არ ვაპირებ „ლელოსთან“ საჯარო პოლემიკაში ამ საკითხის გარჩევას. მამუკა ხაზარაძეს შევთავაზე საჯარო დებატები და ეს შეთავაზება ძალაშია, სადაც ჩვენ ყველა საკითხზე გულწრფელად ვისაუბრებთ. ასევე, შემიძლია, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დავუკავშირდი და შევხვდი ორჯერ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მივალ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას. ამასთანავე, კოალიციის პოზიცია ძალიან პრინციპულია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის არჩევნები. ეს ყალბი რუსული პროცესია, რომელშიც მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. ყველას თავის პოზიციის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხზე იყო, ეს იყო პლატფორმის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ „ლელომ“ ეს გადადო.
რუსული ოცნების ჩამოშლის გზა გადის მისი ლეგიტიმაციის არაღიარებაზე და მათთან არ თანამშრომლობაზე. ეს არის ბრძოლის გზა. სწორედ ამიტომ სხედან ციხეში მათ შორის ამ კოალიციის ლიდერები. როგორ შეიძლება, კომისიაზე არმისვლით გირაოთი წახვიდე ციხეში და იქვე ილაპარაკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათთან თანამშრომლობაზე და, პრაქტიკულად, აღიარო, რომ არჩევნები ტარდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში. ეს პრინციპული პოზიციაა და იმედი მაქვს, ოპოზიცია ერთიანად შევჯერდებით. ბოიკოტი არასწორი სიტყვაა, არ არსებობს არჩევნები, რისი ბოიკოტი. აქტიური მუშაობა უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან, რომელმაც თავადაც გვითხრა – თბილისში არანაირი არჩევნები არავის არ უნდა, 70% წინააღმდეგია“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.