ამირან სალუქვაძე: ახლო აღმოსავლეთში ვითარება არის ძალიან რთული, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება და არის კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში

ამირან სალუქვაძე

ახლო აღმოსავლეთში ვითარება არის ძალიან რთული, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება და არის კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის აქ ყველაზე მეტად ყურადსაღები, თუ კიდევ რა დამატებითი გამწვავებები შეიძლება მოჰყვეს ამ საომარ მოქმედებებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ირანი, მეორე მხრივ, ამერიკა-ისრაელი მოქმედებენ; არის ჩართული საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ავიაციით, რომლებიც, მეტწილად, ბაზების უზრუნველყოფით არიან დაკავებული, მაგრამ ვხედავთ, რომ ირანი, უკვე ოთხი დღეა, ურტყამს ამერიკის ბაზებს და 14 ქვეყანა არის მოცული, ირიბად არიან ჩართული ამ საომარ მოქმედებებში. სხვათა შორის, აქ ერთი ნიუანსია, რაზეც მსოფლიოში უკვე ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ თუკი ამერიკის ბაზები ადრე უფრო რაღაც სტაბილურობის გარანტად აღიქმებოდა იმ ქვეყნებისთვის, დღეს ჩანს ღიად ის, რომ სწორედ ამ ამერიკული ბაზების გამო გახდა ირანის ის მეზობელი ქვეყნები ირანის რაკეტების სამიზნე. ფაქტობრივად, ეს ქვეყნები ჯერ ვერც ერთვებიან ომში. იმიტომ, რომ იმ ქვეყნებს, როგორც ირანი აცხადებს ოფიციალურად, ირანი არ ერჩის და არ უტევს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე განლაგებულია ამერიკის ბაზები, საიდანაც ამერიკა ახორციელებს შეტევებს, ან, შესაძლოა, ის ბაზებიც გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ, ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ სამიზნეები ირანის ხელისუფლების და ირანული რაკეტების“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ამ სრუტის ქვეყნებს.

„ეს ქვეყნები, ყველა, არის ენერგორესურსებზე დამოკიდებული და მათი ეკონომიკა არის აწყობილი მთლიანად ენერგორესურსებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ კატარმა ნაწილობრივ, და, სხვა ინფორმაციით, მთლიანად, გააჩერა თხევადი გაზის გადამუშავება, რადგან დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მათ შორის, საუდის არაბეთში და ეს მოქმედებები ზრდის საფრთხეს, რომ სხვა ქვეყნებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა სალუქვაძემ.