ამ პატარა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის და, რაც მთავარია, სარწმუნოების შენარჩუნება - მთელი გულით ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დღეს - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"ამ პატარა ერმა შეძლო თავისი ქვეყნის, ენის და, რაც მთავარია, სარწმუნოების შენარჩუნება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერებს მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, წლევანდელი აღნიშვნა განსაკუთრებულია რადგან ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანების 1 700 წელს აღნიშნავს.

"ეს არის ისტორიული მოვლენა, რომლის ტრადიციაც გრძელდება. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო, ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ისტორია. წლევანდელი აღნიშვნა უფრო მასშტაბური და სიმბოლურია, რადგან, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, წელს, მთელი წლის განმავლობაში, აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის იუბილეს - რწმენის, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, ჩვენი ერის კულტურულ განვითარებაზე, იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის ის გარემოება, რომ ისტორიის მანძილზე არაერთი იმპერია ვიცით, რომელიც არსებობდა და დღეს ეს იმპერიები ფიზიკურად გაქრნენ, მათ შესახებ მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით. ამ პატარა ერმა შეძლო თავის ქვეყნის, ენის და, რაც მთავარია, სარწმუნოების შენარჩუნება. ეს ჩვენი წინაპრების ძალიან დიდი ფასისი შედეგად იქნა მიღწეული, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად, დღემდე შეგვინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა და დღემდე ის აგრძელებს განვითარებას, წინსვლას.

ერის სიამაყეა, რომ საქართველოსვე სახელმწიფოებრიობა აღადგინა. ეს დღე ჩვენია იმიტომ, რომ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, მისი ისტორიით, მისი ტრადიციით, იმ განსაკუთრებული ღირებულებითა და ფასეულობებით, რომლითაც საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში. მინდა, მთელი გულით მივულოცო სრულიად საქართველოს ეს დღე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.