1794553553
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა, ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გაეროს მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის
მიხეილ ყაველაშვილის ანტალიაში ვიზიტი გრძელდება. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და გაეროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, აუდიენცია თავად გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით შედგა.
მისივე თქმით, ანტონიო გუტერეშმა მადლიერება გამოხატა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო, ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების დაძლევის კუთხით ქვეყნის მიერ გაწეულ სამუშაოს და პრეზიდენტსა და საქართველოს გაეროსთან სამომავლო პარტნიორობაში წარმატებები უსურვა.
"გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის. შეხვედრის დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის გაეროს მუშაობაში, ხაზი გაუსვა საქართველოს მუშაობას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეების დაძლევის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებები უსურვა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ასევე ჩვენ ქვეყანას მომავალში გაეროსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.











