ალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს

ალექსანდრე დარახველიძე

სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სწორ ადმინისტრირებას გააგრძელებს, რათა თითოეული გადაცდომა დროულად იყოს გამოვლენილი და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის დიფერენცირება მოხდება ჯარიმებით. ანუ, სიჩქარის მცირე გადაჭარბება თუ არის, 50 ლარით დაისჯება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. ეს დიფერენცირება ხელს შეუწყობს, რომ, ერთის მხრივ, მცირე სახის გადაცდომაზე დაბალი ჯარიმა იყოს, მეორე მხრივ კი, სიჩქარის მაღალ გადაჭარბებაზე უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. ეს დიფერენცირება მოგვცემს საშუალებას, თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ეფექტურად მოვახდინოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლებიც ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.