„აკეთებენ ასეთ ყალბ პოლიტიკურ განცხადებებს და ამით ცდილობენ ჩაერიონ სასამართლოს მსვლელობაში და მასზე ზეწოლა მოახდინონ“ - აკაკი ალადაშვილი სამი ევროპარლამენტარის განცხადებაზე, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობენ

აკაკი ალადაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ზეწოლის მცდელობა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი სამი ევროპარლამენტარის განცხადებას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და წერენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს გმობენ და საკონსტიტუციო სარჩელის გამოთხოვის მოწოდებით გამოდიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. თბილისში, აქცენტს ევროპარლამენტარების ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო მიდგომებზე აკეთებენ.

მაშინ როცა, უკრაინასა და მოლდოვაში არაერთი პარტიის ანტი კონსტიტუციურად გამოცხადება მათ ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის, საქართველოში მსგავსი სახის სამართალწარმოებაც კი მიუღებელია:

"დაჯდება სამი-ოთხი კაცი ევროპარლამენტიდან და რეზოლუციას დაწერს, მერე ცარიელ დარბაზში შემოვა დანარჩენი შვიდასი პარლამენტარი და აქედან მისცემს უმრავლესობა ხმას ამ რეზოლუციას და ისე, რომ არც იციან საქართველო სად არის.

ეს ის ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც დიქტატორ სააკაშვილს მოიხსენიებენ დემოკრატიის შუქურად და პოლიტპატიმრად და მოგვიწოდებენ მისი განთავისუფლებისკენ. უკრაინაში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში აიკრძალა ორი პოლიტიკური პარტია და ამას მიაყოლეს კიდევ ოთხი მემკვიდრე პარტია და ერთი კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია არც ერთ პარლამენტარს, ასე რომ ეს არის ნათელი მაგალითი სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის.

✕