ომის 337-ე დღე - რა ხდება უკრაინაში

omi ukraina

ომის 337-ე დღე - უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება კვლავ მძიმეა. დიდი დანაკარგების მიუხედავად, საოკუპაციო ძალები ბახმუტზე მასირებულ იერიშებს ახორციელებენ. უკრაინელები ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებენ ავდეევკაში, უგლედარსა და ლიმანშიც.

BBC-ს ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ უკვე დაადასტურა ქალაქ სოლედარიდან ჯარების გაყვანა. აქამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ქალაქზე კონტროლის სრულად დაკარგვას უარყოფდა.

აქვე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეს ძალიან კარგი ამბების დღეა უკრაინისთვის. არსებობს სატანკო კოალიცია. არსებობს გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენს ყველა მოკავშირეს მზაობისთვის, გადმოგვცენ თანამედროვე და ასე საჭირო ტანკები.

პირადად ვუხდი მადლობას პრეზიდენტს ბაიდენს, მადლობა კონგრესს, ყველა ამერიკულ ოჯახს ამერიკის გლობალური ლიდერობის ხელშესახები ძალისთვის! მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები.

ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ, ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად, უკრაინისა და ევროპის დასაცავად. ეს ახლა მომუშავე ლიდერების ისტორიული მიღწევაა. მთავარი ახლა არის სიჩქარე და მოცულობა. ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე, უკრაინაში ტანკების მიწოდების სიჩქარე და ტანკების მარაგის მოცულობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.