ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება - ISW ადასტურებს, რომ რუსებმა მერიის შენობა დაიკავეს

ბახმუტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში. ამასთან, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს ბახმუტის ცენტრში.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც თავდაცვის ძალებმა გასულ 24 საათში მოიგერიეს 69 შეტევა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის. გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შტურმით ცდილობენ ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის გენერალური შტაბი ასახელებს ბახმუტთან მდებარე ორ დასახლებულ პუნქტს, ორეხოვო-ვასილევკას და ივანოვსკოეს, სადაც შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევა წარუმატებელი იყო. გენშტაბის მონაცემებით, ფრონტის ამ მონაკვეთზე გასულ 24 საათში მოგერიებულია 32 იერიში.

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობების და ფოტო და ვიდეომასალების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა რუსული მხარის განცხადება, რომ 2 აპრილს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიკავა ბახმუტის საქალაქო ადმინისტრაციის შენობა. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, 3 აპრილს რუსულმა ძალებმა ბახმუტის ცენტრში წინ წაიწიეს.