ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, გვჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

ჟენევაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს.

„ყველა აბსოლუტურად ორიენტირებულია იმაზე, თუ რა გვჭირდება და ეს არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ორივე სიტყვას აქვს მნიშვნელობა. ის სამართლიანი უნდა იყოს და ცხადია, უკრაინისთვის საკითხები უკრაინამ უნდა განსაზღვროს, მაგრამ ის ასევე უნდა იყოს ხანგრძლივი“, – განაცხადა მან.

ამასთან, სტარმერმა აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები „მსურველთა კოალიციის“ მორიგ შეხვედრას გამართავენ.

„როგორც იცით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ვხელმძღვანელობდი „მსურველთა კოალიციას“, რომელიც წარმოადგენს ქვეყნების ჯგუფს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას. ჩვენ ხვალ ვირტუალურად უნდა შევხვდეთ. ამრიგად, ჩვენ ვუმასპინძლებთ „მსურველთა კოალიციას“, რათა განვიხილოთ პროგრესი, რომელიც მიღწეულია და იმედი მაქვს, რომ მიღწეული იქნება იმ მიმართულებით, რაც უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, კერძოდ, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან უკრაინაში კონფლიქტმა პირდაპირი გავლენა მოახდინა გაერთიანებულ სამეფოზე“, – განაცხადა მან.