ზღვის დონის მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონი შენობა საფრთხეშია

ზღვის დონე

 კანადაში მდებარე მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ზღვის დონის მატება 100 მილიონზე მეტ შენობას განმეორებითი დატბორვების საფრთხის ქვეშ აყენებს. ნაშრომი ფართომასშტაბიან ანალიზს ეფუძნება. მასში მეცნიერებმა აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის შენობები გამოიკვლიეს.

„ზღვის დონის მატება გლობალური დათბობის ნელი, მაგრამ შეუჩერებელი შედეგია. იგი ზღვისპირა დასახლებებზე უკვე ზემოქმედებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საუკუნეების განმავლობაში არ შეიცვლება", — განმარტავს ნატალია გომესი, კვლევის თანაავტორი - „უმეტესად ხალხს ზღვის დონის მატება რამდენიმე ათეული სანტიმეტრით ან 1 მეტრით წარმოუდგენია, მაგრამ თუ წიაღისეული საწვავის წვას არ შევწყვეტთ, ამ მაჩვენებელმა შეიძლება რამდენიმე მეტრსაც კი მიაღწიოს".

მკვლევრებმა წყალდიდობის მრავალსაუკუნოვანი რისკი შეაფასეს. ამისთვის მათ ზღვის დონის მატების მონაცემები და სატელიტური გამოსახულებები გამოიყენეს. საბოლოოდ, სპეციალისტებმა განსაზღვრეს, თუ რამდენი შენობა დაიტბორებოდა ზღვის დონის სხვადასხვა ნიშნულით ზრდის შემთხვევაში. გუნდმა ზღვის დონის მატების სხვადასხვა მაჩვენებელი გამოიკვლია, რომლებიც 0.5-იდან 20 მეტრამდე მერყეობდა.

აღმოჩნდა, რომ ემისიების შემცირების ყველაზე ამბიციური გეგმის შესრულების შემთხვევებშიც კი, ზღვის დონემ შეიძლება 0.5 მეტრით მოიმატოს და 3 მილიონი შენობა დატბოროს. რისკი საგრძნობლად გაიზრდება, თუ მაღალი ემისიების შესაძლებლობასაც გავითვალისწინებთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად სავარაუდოა.

თუ წიაღისეული საწვავის გამოყენებას არ შევამცირებთ, მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ზღვის დონე შეიძლება მინიმუმ 5 მეტრით გაიზარდოს, რაც დატბორვის საფრთხეს 100 მილიონ შენობას შეუქმნის.

აღსანიშნავია, რომ ზოგი ზღვისპირა ქვეყანა სხვებზე მეტადაა საფრთხის წინაშე. ამას სანაპიროს ტოპოგრაფია და შენობების ადგილმდებარეობები განსაზღვრავს. მკვლევრებმა ინტერაქტიური რუკაშექმნეს, რომელიც Google Earth Engine-ში საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ამ გზით ურბანულ დამგეგმარებლებს შეეძლებათ, ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადგილები ამოიცნონ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად მიიღონ.