ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება. დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს - ტრამპი

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს სამხედრო დარტყმები დიზელის გადამამუშავებელ რუსულ ქარხნებზე და გააფრთხილა, რომ ეს ოპერაციები საწვავის გლობალურ დეფიციტს ქმნის.

„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიზელის ბაზარზე არსებული შეფერხებები ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობით კი არ არის გამოწვეული, არამედ სათავეს იღებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომიდან.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა ეს საკითხი პირდაპირ უკრაინის ლიდერთან წამოჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირებს არ სურთ, კიევმა მიზანში ქარხნები ამოიღოს.

უკრაინულ ძალებს სამხედრო დარტყმებისთვის „საკმარისად ბევრი სხვა სამიზნე“ აქვთ, განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ რუსული დიზელის წარმოების სიმძლავრეების განადგურება „მსოფლიოს აზარალებს“.