ზელენსკი: კიევი მზადაა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ ამას გააკეთებს რუსეთიც

ზელენსკი

ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის აღდგომის დღესასწაულზე. ჩემი თვალსაზრისით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივისცემით ეკიდებიან სიცოცხლეს, საუბრობენ არა რამდენიმე დღით, არამედ სამუდამოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისებისა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ კიევი იღებს სიგნალებს პარტნიორებისგან რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირების თხოვნით, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია ის პარტნიორები, რომლებისგანაც მსგავსი თხოვნა მიიღო.

„თუ რუსეთი მზადაა, არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, მაშინ ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმებით მათ ენერგეტიკაზე“, – განაცხადა ზელენსკი.

უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებების გაფორმების შესახებ. მისი თქმით, კიევმა მიაღწია შეთანხმებას სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ენერგეტიკული მხარდაჭერის შესახებ, ასევე განიხილებოდა თანამშრომლობა საზღვაო დრონების სფეროში.

რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო, რადგანაც ვაშინგტონი ირანზეა ფოკუსირებული. ამას გარდა, ზელენსკის განცხადებით, მოსკოვმა უარი თქვა აშშ-ში დიალოგზე და ალტერნატივის სახით შეხვედრის თურქეთსა ან შვეიცარიაში გამართვის ინიციატივით გამოვიდა