ზელენსკი: ჩვენ თუ ვაპირებთ 20-პუნქტიანი გეგმისკენ სვლას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ოთხმა მხარემ, უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და რუსეთმა, მაშინ ოთხმხრივი ტექნიკური ჯგუფი დაგვჭირდება, ეს მისაღებია

ზელენსკი

უკრაინა მზადაა ოთხმხრივი მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებისთვის. საუბარია უკრაინის, ევროპის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით ოთხმხრივი ტექნიკური ჯგუფის შექმნაზე.

უკრაინის პრეზიდენტს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა რუსეთის განცხადებაზე, რომ აშშ-თან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული სამუშაო ჯგუფი უკვე არსებობს და ამ ჯგუფის მუშაობის წყალობით, შესაბამისი დოკუმენტები შემუშავდა.

„ახლა, თუ ჩვენ ვაპირებთ 20-პუნქტიანი გეგმისკენ სვლას, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ოთხმა მხარემ – უკრაინამ, ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, მაშინ, ალბათ, ოთხმხრივი ტექნიკური ჯგუფი დაგვჭირდება. ეს ჩვენთვის მისაღებია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს კითხვები აშშ-უკრაინისა და რუსეთის ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრების ან შესაბამისი სატელეფონო საუბრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის ვემალებით, ღია ვართ ნებისმიერი ვარიანტებისა და ფორმატების მიმართ, რომლებიც დაგვაახლოებს ომის დასრულებასთან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.