ზელენსკი აცხადებს, რომ მომლაპარაკებელთა ჯგუფს აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულება დაავალა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომლაპარაკებელთა ჯგუფს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულება და ორი ქვეყნის პრეზიდენტებისთვის განსახილველად წარდგენა დაავალა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, გუნდთან ამერიკულ მხარესთან შეხვედრების გრაფიკი, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის „შესაძლო ხელმოწერა“ განიხილა.

მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს, ვიცე-პრემიერ ტარას კაჩკას და ეკონომიკის მინისტრ ალექსეი სობოლევს დაევალათ, უზრუნველყონ უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მომავალი შეთანხმებების „ყველა ეკონომიკური ასპექტის ექსპერტული მიმოხილვა“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსული მხარისგან „ნათელ უკუკავშირს“ ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.

„ჩვენ გვესმის, რომ ამერიკული მხარე ომის დასრულების ძირითად პოლიტიკურ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რუსეთთან კომუნიკაციას აწარმოებს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ხედვა და რუსეთისგან უნდა იყოს მკაფიო უკუკავშირი იმის შესახებ, მზად არიან თუ არა ისინი ომის რეალური პირობებით დასასრულებლად. ასეთი მზადყოფნა თუ არ იქნება, აგრესორზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.