ზელენსკი აცხადებს, რომ კანადა და უკრაინა საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან პაკეტზე შეთანხმდნენ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კანადა და უკრაინა საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან პაკეტზე შეთანხმდნენ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კანადასა და პირადად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის უკრაინის მხარდაჭერისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას სურს მშვიდობა, თუმცა ამის მისაღწევად ქვეყანამ ძლიერი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობა გვინდა. მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებია საჭირო. ეს დღე აუცილებლად დადგება. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ და არ უნდა დავსუსტდეთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა მივიღოთ. ეს ჩვენი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს საჰაერო თავდაცვის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია. ეს გადამწყვეტია, რადგან მსოფლიოში საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი დეფიციტია. ამისთვის მადლობელი ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა კანადასთან ერთად ზამთრისთვის მზადებასა და ენერგეტიკის საკითხებზეც იმუშავებს.

„ზამთრის წინ და მთელი ზამთრის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გადაწყვეტილებები ენერგეტიკასთან დაკავშირებით. მადლობელი ვართ ენერგეტიკის სფეროში მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინას ამ უკანონო, გაუმართლებელი და ბარბაროსული ომის განმავლობაში 26 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერა გავუწიეთ. ეს მოიცავს სამხედრო დახმარებას – საჰაერო თავდაცვიდან და დრონებიდან დაწყებული, წვრთნებითა და სხვა მიმართულებებით გაგრძელებული. ასევე ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარს ვუჭერთ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.