ზელენსკი: აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს, ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა

ზელენსკი

აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს. ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვა სჭირდება, რისთვისაც კიევისთვის გამანადგურებელბის დროულად მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ შტატებმა უკრაინას გამანადგურებლები არ გადასცა, დახმარების ნაცვლად კიევს დაზვერვის მონაცემებზე შეზღუდვა დაუწესა და Starlink-ის სიჩქარე შეუმცირა.

„მე მას როგორც პარტნიორს მივმართე: რუსები თუ დაგვესხმებიან თავს და ჩვენ ვერ შევძლებთ პასუხის გაცემას, ეს უსამართლობაა. მე ვუთხარი: პუტინის შეჩერება თუ არ შეგიძლიათ, ყოველ შემთხვევაში, მოგვეცით გამანადგურებლები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ მაინც განვიცდით დანაკარგებს, მაგრამ ეს პარტნიორის საქციელი იქნებოდა. ამის ნაცვლად, მათ რაკეტები არ მოგვცეს: მათ უბრალოდ გვთხოვეს გაჩერება. შემდეგ დააწესეს დაზვერვის შეზღუდვები და Starlink-ის სიჩქარის შემცირება. ეს აღარ არის მარტივი საფრთხეები. ეს ჩვენ მიმართ უსამართლობაა. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის და ტრამპის გუნდის მიმართ, რომლებსაც ომის დასრულება სურთ. ჩვენ ვხვდებით და ვსაუბრობთ, მაგრამ პარტნიორებს შორის გულწრფელობა უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევისთვის აშშ-უკრაინის ურთიერთობები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამერიკელი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდნენ მხარს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპული პროგრამებით მიღებული დაფინანსებით აშშ-სთან შეიარაღებას ყიდულობს.

„შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ოკუპაციის დაწყებიდან და განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი ომის დროს. ამერიკელმა ხალხმა, ადმინისტრაციებმა და ორივე პარტიამ მხარი დაგვიჭირა: ამისთვის მადლიერი ვარ. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა პატიოსნებაზე, სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. არ მინდა ამერიკის პრეზიდენტისგან არაფრის დამალვა. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ხალხებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ამერიკასა და რუსეთს. თანამშრომლობა არსებობს: ჩვენ ამერიკულ იარაღს ევროპის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ვიღებთ. დღეს ჩვენ ვიხდით ამ იარაღის საფასურს. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობის შენარჩუნების მცდელობა არავის აქვს და ომის პირობებში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

„არავინ ცდილობს თავისი ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. სამხედროები ფრონტზე დგანან; დანარჩენებმა უნდა იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ, თუ არ გვინდა დანებება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამერიკელებს, რომლებიც პრეზიდენტის შეცვლას მოითხოვენ, მე ვეუბნები: მიეცით უკრაინელებს საშუალება, თავად მოაგვარონ საკუთარი არჩევნები და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ცნობებს დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი თანდათან გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან, რაც სამწუხაროა.

„საკითხი მხოლოდ ის არ არის, შეხვდებიან თუ არა ისინი ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე. სამწუხაროდ, პუტინის თანდათანობითი გამოსვლა იზოლაციიდან უკვე დაწყებულია. ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება. თუმცა, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ იქნება, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან კონსულტაციები გამართონ. დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ: არ ვიცი, რას განიხილავენ ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

✕