ზელენსკი: ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში - აგრესორმა ინიციატივა დაკარგა

ზელენსკი

ამჟამად უკრაინა რუსეთზე უკეთესად გამოიყურება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოწინავე შეიარაღების წარმოებაში. აგრესორმა ინიციატივა დაკარგა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე Reuters Next Europe.

პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების განხორციელება 12 მიმართულებით სცადეს, თუმცა თითქმის ყველა მათგანში ინიციატივა დაკარგეს.

მტრის ნელი წინსვლა ამჟამად მხოლოდ ორ-სამ სექტორში ფიქსირდება, სადაც რუსეთმა დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანარჩენ მიმართულებებზე რუსულმა ძალებმა ინიციატივა დაკარგეს. მან ასევე დასძინა, რომ ორ ან სამ მიმართულებაზე უკრაინა ამჟამად კიდევ უფრო დიდ წარმატებებს აღწევს.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა „უკეთესად გამოიყურება“ საშუალო და შორეული მანძილის დარტყმების განხორციელების კონტექსტშიც.

მისი თქმით, ქვეყანა წელს დაახლოებით 10 მილიონი დრონის წარმოებას გეგმავს, ხოლო საწარმოო სიმძლავრეებს ამ მაჩვენებლის გაორმაგება და 20 მილიონ დრონამდე გაზრდა შეუძლია.