ვლადიმერ პუტინი: ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებთ, იქნება გაცილებით მტკივნეული საპასუხო ზომები, მინდა, ეს ყველამ იცოდეს

პუტინი

ყირიმის ხიდს აღვადგენთ, თუმცა იქნება მიღებული გაცილებით უფრო მტკივნეული საპასუხო ზომები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ქალაქ შენჭენში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის დროს სი ძინპინთან და დონალდ ტრამპთან შეხვედრები შეაჯამა.

მისივე თქმით, ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს.

„ყირიმის ხიდი განსაკუთრებით მშვიდობიანი ობიექტია. პირდაპირი მითითებაც მივეცი და დიდი ხანია, ყირიმის ხიდს არ ვიყენებთ არც სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად, არც საბრძოლო მასალის გადასაზიდად, გადასაადგილებლად. ნავთობი და ნავთობპროდუქტებიც კი არ გადაგვიტანია ხიდზე. ის განსაკუთრებით სამოქალაქო ობიექტია. შეგახსენებთ, ივნისში კიევის რეჟიმის მეთაურმა გამოაცხადა, რომ 40 დღის განმავლობაში რუსეთს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ, დაანგრევენ ჩვენს ენერგეტიკას. დიახ, ამაზე უკვე ვთქვი, ზიანი მოგვაყენეს. 5 აგვისტოს, როგორც ცნობილია, ორმოცი დღე დასრულდა, თუმცა შედეგი მოსალოდნელისგან შორსაა. ამასთან, დაიწყეს დარტყმების მიყენება ჩვენს ტანკერებზე შავ ზღვაში. პასუხად ჩვენ, ყველას კარგად მოეხსენება, სარკისებურად დავიწყეთ მოქმედება, მაგრამ ჩვენი საპასუხო ქმედებები გაცილებით მტკივნეული აღმოჩნდა რეჟიმისთვის, ვიდრე ჩვენი ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. ყველა მხრიდან გვესმის: გთხოვთ, შეწყვიტოთ, მოდი, შევთანხმდეთ ან ზღვაზე დავამყაროთ სიჩუმის რეჟიმი, ან ენერგეტიკას არ დავარტყამთ. უშიშროების საბჭოდან კოლეგებთან ეს საკითხი განვიხილე და ვთხოვე ყველას, კიდევ ეფიქრათ და დავბრუნებოდით ამ საკითხს იმ იმედით, რომ შესაძლოა, რაღაცაზე მოხერხდეს შეთანხმება, მაგრამ ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ მოლაპარაკებებს აღარ ვაწარმოებთ, ვუპასუხებთ ამ დარტყმებს, მინდა, ეს ყველამ იცოდეს. ვფიქრობ, ჩვენი საპასუხო ქმედებები, როგორც ვთქვი, გაცილებით მტკივნეული იქნება, ვიდრე ის, რაც კიევის რეჟიმმა ხიდთან მიმართებით გააკეთა. ხიდს, რა თქმა უნდა, აღვადგენთ. იქ ხომ სინამდვილეში ორი ხიდია: საავტომობილო და სარკინიგზო. საავტომობილოს სერიოზული ზიანი მიადგა, სარკინიგზო ჩემი აზრით, აღდგენილია. თანამედროვე საშუალებებით, ეს არც ისე რთული გასაკეთებელია. საქმე საპასუხო ქმედებებშია. ისინი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კითხვაზე, ხიდის აღდგენამდე როგორ მოხერხდება მილიონობით ადამიანის გამოკვება, პუტინმა უპასუხა, რომ „ამ ხიდით არც სამხედრო ტვირთები და არც ნავთობპროდუქტები გადაგვიტანია, მაგრამ როგორღაც ხომ მიგვქონდა, ასევე მივიტანთ სხვა ტვირთებსაც, მათ შორის პროდუქტებს“.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაგვეკავშირებინა ყირიმი და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სხვა ნაწილი ხმელეთით. კიევის რეჟიმის წარმომადგენლები ყოველთვის ამბობდნენ, რომ სურთ ყირიმის ხიდის განადგურება. ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა, რომ გადავადგილდეთ ხმელეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე, სადაც საკუთარ ყოფნას მხოლოდ გავაძლიერებთ, მათ შორის ყირიმის ხიდზე დარტყმებთან დაკავშირებითაც, რაც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. იმ ტერიტორიის დასაცავად ძალისხმევას მივმართავთ, რომელსაც ნოვოროსია ჰქვია, რაც არც ისე მარტივი საქმეა. ეს ტერიტორია ნაწილობრივ ლადოგის ტბის ყინულზე ომის დროინდელ სიცოცხლის გზასაც კი მახსენებს. იქ ჩვენ დანაკარგებიც გვაქვს. მოქალაქეები გმირულად იქცევიან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ეს ტრასა და უკან, უფრო შორს გადავწიოთ მოწინააღმდეგე, ისევე როგორც სხვა მიმართულებებზე და შევქმნათ უსაფრთხოების ზოლები ჩვენი საზღვრის გასწვრივ. ასე რომ, ესეც იქნება ყირიმის ხიდზე დარტყმების შედეგი. სარკინიგზო ხიდი ფუნქციონირებს, იქ მოძრაობა, ჩემი აზრით, აღდგენილია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

✕