ვიცოდით, რომ მაღალი იყო ალბათობა, ორბანს წაეგო არჩევნები, მაგრამ ჩავედით უნგრეთში, რადგან ის ერთ-ერთია ევროპელ ლიდერებს შორის, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის ეწინააღმდეგება - ჯეი დი ვენსი

ჯეი დი ვენსი

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ მხარს უჭერდა ვიქტორ ორბანს, რადგან ის ერთ-ერთი ლიდერია იმ მცირერიცხოვანი სიიდან, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა ვენსს ჰკითხა, ღირდა თუ არა ბუდაპეშტში წასვლა და ორბანის მხარდაჭერა არჩევნებამდე, მისი დამარცხებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორბანი ევროპაში ერთ-ერთია იმ მცირე ნაწილს შორის, ვინც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში თავის ვიზიტს მართებული უწოდა და აღნიშნა, რომ ორბანის მხარდაჭერა არც რუსეთს და არც ევროპას არ ეხებოდა.

„ჩვენ წავედით, რადგან სწორი საქციელი იყო, მხარი დაგვეჭირა ადამიანისთვის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვიჭერდა მხარს. ასე რომ, საქმე არც რუსეთს ეხებოდა და, არსებითად, არც ევროპას. საქმე ეხებოდა შეერთებულ შტატებს და იმ ფაქტს, რომ ის კარგი პარტნიორი იყო როგორც ჩემთვის, ასევე პირადად პრეზიდენტისა და შეერთებული შტატებისთვის. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ძალიან მაღალი ალბათობა არსებობდა, ვიქტორს წაეგო არჩევნები, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ევროპელი ლიდერების სიიდან, რომელსაც ვხედავდით, როგორც ბრიუსელის ბიუროკრატიის მოწინააღმდეგეს. ამიტომ, მაგალითად, როდესაც ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატი ამერიკულ კომპანიას ესხმის თავს, ზოგჯერ ერთადერთი ხმა, რომელიც ამ ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ გამოდიოდა და იცავდა, ვიქტორ ორბანი იყო“, – აღნიშნა ვენსმა.