VIDEO+PHOTO: ავიაკატასტროფისას დაღუპულთა შესახებ უკრაინამ ინფორმაცია განაახლა - კადრები ადგილიდან

ავიაკატასტროფა

სამართალდამცველები კიევის რეგიონში, ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ. მათ შორისაა ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად.

„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება SBU-ს [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] დაევალა“,- თქვა გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებებს ტრაგედიის დეტალების და ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, დაღუპულია 18.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.

დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვერტმფრენის კატასტროფას საშინელი ტრაგედია უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დენის მონასტირსკი და მასთან ერთად მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყვნენ უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს დაავალა ეროვნულ პოლიციასა და სხვა შესაბამის სამსახურებთან ურთიერთქმედებით დაადგინოს ყველა გარემოება.

უკრაინის ავიაკატასტროფას გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულების ოჯახებს.