ვენეციის არხში მოცურავე წყვილი დააჯარიმეს და ქალაქის დატოვება მოსთხოვეს

ვენეცია

 ბრიტანელ წყვილს, რომელიც შვებულების გატარებას ვენეციაში აპირებდა, არხების ქალაქის დატოვება დროზე ადრე მოუწია, უფრო ზუსტად — ჩასვლის დღესვე. 35 წლის ბრიტანელი კაცი და მისი 25 წლის რუმინელი პარტნიორი გონდოლის მენიჩბეებმა ვენეციის დიდ არხში მოცურავეები შენიშნეს და ამის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას. პოლიციამ კი თითოეული მათგანი 450 ევროთი დააჯარიმა და წყვილს ქალაქი 48 საათით დაატოვებინა. პოლიციის ცნობით, მხოლოდ წელს, მათ უკვე 1136-ედ მოუწიათ მსგავსი ზომის მიღება ტურისტების არასათანადო ქცევის გამო.

როგორც ირკვევა, ქალაქის ვიზიტორებმა წმინდა მარკოზის მოედნის მახლობლად, აკადემიის ხიდთან მოისურვეს არხში გაცურვა. თუმცა, წყვილს ჭყუმპალაობა არ დასცალდა — ადგილზე ოპერატიულად მისულმა პოლიციამ ისინი მალევე ამოიყვანა წყლიდან. ვენეციის არხებში ბანაობა რამდენიმე მიზეზითაა აკრძალული, მათ შორის, გონდოლების აქტიურად გადაადგილებისა და წყლის სისუფთავის გამო.

"ვენეცია უნდა დავიცვათ მათგან, ვინც ქალაქს უპატივცემულოდ ეპყრობა", — აცხადებს ქალაქის უსაფრთხოების საბჭოს წევრი, ელიზაბეტა პესჩე, — "დაცვა კი გულისხმობს წესრიგის უზრუნველყოფას ქალაქის მცხოვრებებისა და იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ცივილურად იქცევიან".

წესრიგის უზრუნველყოფას კი, ვენეცია, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ ტურისტს მასპინძლობს, ბოლო წლებში სხვადასხვა წესის შემუშავებით ცდილობს. მაგალითად, ქალაქში არ დაიშვება 25-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი, იკრძალება დინამიკების ან მეგაფონების გამოყენება და ვიწრო ქუჩაზე გაჩერება გიდის მოსასმენად.

"ჯარიმების გარკვეული სისტემის შემუშავება აუცილებელიც კი იყო პოტენციური დარღვევების აღსაკვეთად", - განმარტავს პესჩე და ამატებს, რომ ამგვარი რეგულაციებით ლაგუნის ისტორიულ ცენტრს "ჭარბი ტურიზმისგან" იცავენ.