ვამზადებთ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმაზე

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სამხედრო აუცილებლობის არარსებობის მიუხედავად, განხორციელებულ თავდასხმებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს აუცილებელ საპასუხო ზომებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.