1789675932
ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე უკრაინის თავდაცვის დაფინანსების პრობლემა, ვამზადებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის მდგრადობა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, საუბრის დროს მან ლაიენს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს მალე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.
„ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარი მქონდა. ის ძალიან პროდუქტიული იყო. ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვისთვის ურსულას მადლობა გადავუხადე უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყურადღების გამახვილებისთვის. უკრაინისა და ევროკავშირის მიერ SAFE პროგრამიდან დარჩენილი თანხების ახალი თავდაცვის პროექტების უზრუნველსაყოფად გამოყენების ინიციატივა ძალიან დროული და ნამდვილად საჭიროა. მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოების სხვა წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ, მთელი ევროპისა და ჩვენი თითოეული ქვეყნის გაძლიერება. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თავდაცვის მდგრადობისთვის აუცილებელი ნაბიჯები. ძალიან დეტალურად – უკრაინის თავდაცვის დაფინანსების პრობლემა. ჩვენ ვამზადებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას და შევთანხმდით, რომ შევხვდებით ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“, – წერს ზელენსკი.












