ურსულა ფონ დერ ლაიენი ალიევს: „სამხრეთის გაზის დერეფანმა“ გააძლიერა ევროპის ენერგოუსაფრთხოება და ეს მართლაც შთამბეჭდავი წარმატების ისტორიაა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ილჰამ ალიევი

ენერგეტიკა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი უმტკიცესი საყრდენია - ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროპისთვის სანდო და საიმედო ენერგოპარტნიორია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ არ დაგვვიწყებია ის დრო, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და გაზის მიწოდება შეწყვიტა, აზერბაიჯანი კი ჩვენ გვერდით დადგა. „სამხრეთის გაზის დერეფანმა“ გააძლიერა ევროპის ენერგოუსაფრთხოება და ეს მართლაც შთამბეჭდავი წარმატების ისტორიაა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.

ახლა ჩვენ შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებით. აზერბაიჯანი მომავლის ენერგეტიკაში დებს ინვესტიციებს, მაგალითად, კასპიის ზღვაში ქარის ენერგიის განვითარების გეგმების სახით. თქვენ გაქვთ როგორც ამბიცია, ისე პოტენციალი, რომ გახდეთ სუფთა ელექტროენერგიის ჰაბი. ეს იდეალურად ემთხვევა ევროპის სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესს. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად განახლებადი ენერგიის, ელექტროენერგიის ურთიერთდამაკავშირებელი ქსელებისა და რეგიონული ენერგოსისტემების მიმართულებით.

ჩვენ მივესალმებით თქვენს გეგმებს აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დამაკავშირებელი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ მშენებლობის შესახებ. განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდას ასევე შეუძლია მეტი გაზი გაათავისუფლოს ექსპორტისთვის, რაც, მეზობლებისთვის გაზიარების გზით, რეგიონული ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას სომხეთისკენ ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით. მაშასადამე, განახლებადი ენერგია ჩვენი ეკონომიკების მომავალს განსაზღვრავს და აქ, სამხრეთ კავკასიაში, მას მშვიდობის დამყარებაში დახმარებაც შეუძლია“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.