უკრაინული მედია: რუსეთმა ხარკოვის ოლქში საზღვარი კიდევ ერთი მიმართულებით გაარღვია

ხარკოვი

რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობებს ხარკოვის ოლქში და დაბა კოზაჩია ლოპანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვითი ძალების კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ოკუპანტები უკვე სულ მცირე ერთი კვირაა ფიქსირდებიან კოზაჩია ლოპანში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

„მტერი ცდილობს საიერიშო მოქმედებებს კოზაჩია ლოპანის მიმართულებით და განახორციელა ტაქტიკური შეჭრა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტ გრანოვოს რაიონში. თავდაცვის ძალები აფიქსირებენ საზღვრის გადაკვეთისა და რუსული დანაყოფების ინფილტრაციის რეალურ მცდელობებს კოზაჩია ლოპანის მიმართულებით“, - აღნიშნეს გაერთიანებული ძალების დაჯგუფების პრესსამსახურში.

მათი მონაცემებით, საომარი მოქმედებები გრძელდება სოფლებს გრანოვსა და კოზაჩია ლოპანს შორის. ამავდროულად, სამხედროები აღნიშნავენ, რომ რუს ოკუპანტებს უშუალოდ კოზაჩია ლოპანამდე მიღწევა მოახერხეს. თუმცა, ამ დროისთვის რთული სათქმელია, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი შეიყვანა რუსეთმა ამ დასახლებულ პუნქტში.

„ჩვენები აქტიურად გზავნიან იქ უპილოტო საფრენ აპარატებს. ყველაფერი ვეტერინარკას [სოფელი ვეტერინარნოე რუსეთის საზღვართან, კოზაჩია ლოპანის ჩრდილოეთით] დაკარგვით დაიწყო, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ წინა ბრიგადის მეთაური თანამდებობიდან მოხსნეს“, - აღნიშნა სამხედრომ.

დერგაჩოვის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ რუსეთი უკვე დაახლოებით 2-3 თვეა, გარკვეულ წარმატებებს აღწევს იმ ხუტორებზე, რომლებიც დასახლებულ პუნქტ კოზაჩია ლოპანის შემადგენლობაში შედის. საუბარია, კერძოდ, ვეტერინარნოეზე, გრანოვსა და შევჩენკოზე. აღინიშნება, რომ ოკუპანტებმა ეს ხუტორები დაიკავეს და იქიდან კოზაჩია ლოპანის ცენტრისკენ გარღვევას ცდილობენ.