უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია. მე არ ვამცირებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზადაა ომის შემდგომ ჯარები განათავსოს უკრაინაში. რასაც მე აღვნიშნავ, არის ის, რომ ეს აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმის გარეშე უმნიშვნელოა. და მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ ასეთი ძლიერი აშშ-ის დამცავი მექანიზმი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან“,- განაცხადა რუბიომ.