1769635841
FBI-მ ფულტონის ოლქის საარჩევნო ოფისში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩაატარა
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის საარჩევნო ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
აგენტებმა იუნიონ-სიტიში მდებარე მთავარ ოფისში „სასამართლოს მიერ ნებადართული სამართალდამცავი ღონისძიება“ განახორციელეს.
ფულტონის ოლქი 2020 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ პროკურორებსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა.
2023 წელს ოლქის პროკურორმა, ფანი უილისმა ტრამპს რეკეტის მუხლით წაუყენა ბრალი. ის ამტკიცებდა, რომ ტრამპი და კიდევ 18 პირი შეთქმულებას აწყობდნენ ჯორჯიაში ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაუქმებლად.
თუმცა, საქმე მას შემდეგ ჩაიშალა, რაც უილისს პროცესიდან ჩამოცილება მოუწია - ცნობილი გახდა მისი პირადი ურთიერთობის შესახებ იმ მამაკაცთან, რომელიც მანვე დანიშნა საქმის მთავარ პროკურორად. საბოლოოდ, 2025 წელს საქმე დაიხურა.
გასული წლის დეკემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფულტონის ოლქის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო. უწყებამ ფედერალურ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გამოითხოვა „ყველა გამოყენებული და გაუქმებული ბიულეტენი, ხელმოწერილი კონვერტები და ციფრული ფაილები“.











