1692302192
უკრაინაზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, რუმინეთში დრონი ჩამოვარდა - რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო
11 ნოემბრის ღამეს რუმინეთში, ტულჩას რეგიონში უკრაინაზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტულჩას ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ შეტყობინება მას შემდეგ გაეგზავნათ, რაც რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს რადარებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე დრონების ჯგუფები დააფიქსირეს.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე დრონის შესაძლო ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ დუნაის უკრაინულ მხარეს, იზმაილის პორტის მიდამოებში დიდი რაოდენობით აფეთქებები დაფიქსირდა.
ცნობისთვის, 11 ნოემბრის ღამეს რუსულმა არმიამ ოდესის რეგიონზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი.











