უკრაინა ყველა ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას უგულებელყოფს - ანდრეი სიბიგა

ანდრეი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში ლონდონში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთისა საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეხვედრის შესახებ წერს, რომელსაც ის დისტანციურად შეუერთდა.

როგორც სიბიგამ აღნიშნა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას უგულებელყოფს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება 15 მაისს სტამბოლში პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებით ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშვიდობო ძალისხმევა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა შეერთებულ შტატებთან. ამ კვირაში ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ნაბიჯების სტრატეგიების კოორდინაცია, რომლებიც გადამწყვეტი იქნება მშვიდობისა და ანგარიშვალდებულებისთვის. მე მივაწოდე უახლესი ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული რეალური სიტუაციის შესახებ, რომელიც პირდაპირ მთავარსარდლისგან შეხვედრის წინ მივიღე. რუსები აბსოლუტურად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და გრძელვადიანი შეწყვეტის შეთავაზებას. ისინი აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. მოსკოვი კარგავს მკვლელობების დასრულების კიდევ ერთ შესაძლებლობას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა. საპირისპიროდ, უკრაინა ყველა ძალისხმევას მიმართავს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტმა ზელენსკიმ პუტინს ხუთშაბათს პირისპირ შეხვედრაც კი შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა“, – წერს სიბიგა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ევროპელ კოლეგებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც განიხილა. შეზღუდვები შესაძლოა, მოიცავდეს საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს.

„ჩვენ განვიხილეთ ძლიერი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას, მათ შორის სანქციები რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ, უკრაინის თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები“, – წერს ანდრეს სიბიგა.