უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის 3 უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო

უელსის პრინცესა

უელსის პრინცესა ქეთრინმა, National Three Peaks-ის გამოწვევის ფარგლებში, 24 საათში დიდი ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო. National Three Peaks საქველმოქმედო ღონისძიებაა. პრინცესა მწვერვალებზე მარსდენის სამეფო საავადმყოფოს მხარდასაჭერად ავიდა, სადაც ის კიბოს მკურნალობის კურსს გადიოდა.

„კიბოს მხოლოდ სხეულზე არ აქვს გავლენა - ის ცვლის ჩვენს აზრებს, გრძნობებს და გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე. ჩემთვის ამ გამოწვევაში მონაწილეობა არა მხოლოდ ფიზიკური გამოცდა, არამედ დიაგნოზს მიღმა ცხოვრების შესაძლებლობა იყო“, - დაწერა პრინცესამ სოციალურ ქსელში.

დღე-ღამეში მან დაიპყრო ბენ-ნევისის მთა შოტლანდიაში, სკოფელ-პაიკი ინგლისში და სნოუდონი უელსში. მარშრუტის საერთო სიგრძემ 37 კილომეტრი შეადგინა, ჯამური სიმაღლე 3 ათას მეტრს აღემატებოდა, ლოკაციებს შორის მანქანით გასავლელი მანძილი კი 743 კილომეტრი იყო.

პრინცესამ მთელი გზა დამოუკიდებლად გაიარა, თუმცა თან ახლდნენ მაშველები. ფინიშთან ქეთრინს პრინცი უილიამი, მათი შვილები, ასევე მისი მშობლები და ძმა დახვდნენ.

2024 წლის მარტში უელსის პრინცესამ განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სექტემბერში მან თქვა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა, ხოლო 2025 წლის იანვარში - რემისიის შესახებ გამოაცხადა. მისი ავადმყოფობის შესახებ დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა კენსინგტონის სასახლეში საზოგადოება დაარწმუნეს, რომ პრინცესა სრულად გამოჯანმრთელდა.