1760793040
ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ პაციენტს სხვა ადამიანის კიდურების გაკონტროლების საშუალება მისცა

40 წლის პარალიზებულ კაცს ახლა სხვა ადამიანის ხელით ობიექტების შეგრძნება და გამოყენება შეუძლია. ეს მას შემდეგ, რაც კაცმა ტვინის იმპლანტის გამოყენება დაიწყო.
კიტ ტომასს ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს. მან ტრავმა 2020 წელს აუზში ჩაყვინთვისას მიიღო. კაცმა კისერი დაიზიანა, რის შედეგადაც ზურგის ტვინი შესაბამის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. კიტი მკერდს ქვემოთ პარალიზებულია.
2023 წელს მან პირველად მიიღო ტვინის იმპლანტი. ტექნოლოგიამ ხელოვნური ინტელექტისა და არაინვაზიური ელექტროდების გამოყენებით კაცის ტვინსა და სხეულს შორის კომუნიკაცია ნაწილობრივ აღადგინა. ერთი წლის შემდეგ პაციენტს ხელებში მგრძნობელობა დაუბრუნდა და მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლო.
და, აი, ახლა ტვინის იმპლანტმა მას საშუალება მისცა, აკონტროლოს სხვა ადამიანების კიდურები. კიტს შეუძლია სხვა ადამიანის ხელები იგრძნოს და მეტიც, მათი გამოყენებით ნივთები გადააადგილოს.
კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ქალი, რომელიც ტომასის ავატარის როლს ასრულებდა. ის ტომასთან ელექტროდებითა და შესაბამისი სენსორებით იყო დაკავშირებული. ექსპერიმენტებში, სადაც ორივე თვალდახუჭული იყო, ტომასმა წარმატებით შეძლო ქალის ხელების გაკონტროლება. მან არამხოლოდ იგრძნო ქალის ხელები, მათი გამოყენებით საგნებიც გადააადგილა.
კიტმა 2023 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სხვა ადამიანების დახმარება სურს: "რაც ყველაზე მეტად მინდა, არის სხვების დახმარება. ეს ყოველთვის იყო ის, რაშიც საუკეთესო ვიყავი. თუ ეს ვინმეს კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე მე დამეხმარა, ამ ყველაფრად ღირს".
ბოლო კვლევამ მას ამის საშუალება მისცა. კიტმა შეძლო კეტი დენაპოლის — 60 წლის ქალის — ხელების კონტროლი, რომელსაც ზურგის ტვინის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. შედეგად ქალმა წყლის ბოთლის აღება და მისგან წყლის დასხმა შეძლო.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს კვლევა ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
"კვლევის ორივე მონაწილემ დააფასა ურთიერთქმედებისა და საერთო მიღწევის განცდა. ეს მომავალია და ის აქ არის", — აღნიშნეს მკვლევრებმა.