წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტმა ბილ და ჰილარი კლინტონების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, კლინტონები უარყოფენ, რომ ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულებზე რამე ინფორმაცია ჰქონდათ

ბილა და ჰილარი კლინტონები

 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტმა ბილ და ჰილარი კლინტონების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა. ბილ კლინტონის დაკითხვის ვიდეო ოთხ საათსა და 33 წუთს შეადგენს, ხოლო ჰილარი კლინტონის ოთხ საათსა და 35 წუთს.

ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როგორც ბილ, ასევე ჰილარი კლინტონმა უარყვეს ამერიკელი ფინანსისტისა და სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის დანაშაულების შესახებ რამე სახის ინფორმაციის ფლობა.

დაკითხვისას კანონმდებლები ბილ კლინტონს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ეკითხებიან, სადაც ბილ კლინტონი ჯაკუზიში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფება. კონგრესმენმა ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ფოტოს კონტექსტითა და დეტალებით.

„არ ვიცოდი, რომ ეს ფოტო გადაღებული იყო“, – ამბობს კლინტონი. რაც შეეხება ფოტოს ადგილსამყოფელს, მისი თქმით, დარწმუნებულია რომ ეს ბრუნეიში არის გადაღებული, აზიაში „ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს“.

„ბრუნეის სულთანი იყო ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობის რვა წელში კარგად გავიცანი“, – აღნიშნავს კლინტონი. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სულთანმა მას Clinton Global Initiative-ს ფონდის დახმარება და სასტუმრო შესთავაზა, სადაც ვიზიტის დროს უნდა დარჩენილიყო.

კიდევ ერთ პირზე, რომელიც ფოტოზე ჩანს და რომლის სახეც იუსტიციის დეპარტამენტს დაფარული აქვს, კლინტონი პასუხობს, რომ ამ პირის ვინაობა არ იცის.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს ჯეფრი ეპშტეინის ყოფილი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აინტერესებდათ, ჰქონია თუ არა რამე სახის მიმოწერა კლინტონს მაქსველთან, რაზეც მან უარყოფითად უპასუხა.

„პრაქტიკულად არა. მე არასოდეს გამიგზავნია ერთი ელფოსტაც კი“, – აღნიშნა კლინტონმა.

ეს კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც კლინტონის თანაშემწე დაგ ბენდისა და მაქსველის ელფოსტის მიმოწერა გახდა ცნობილი. ელფოსტაზე წვდომა კი თავად კლინტონსაც ჰქონდა. თუმცა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა რამე სახის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის თანაშემწესა და ეპშტეინის ყოფილ პარტნიორს რომანტიული ურთიერთობა ჰქონდათ.