ტრამპმა გადადო ორპარტიულ საბინაო კანონმდებლობაზე ხელმოწერა, ვიდრე კონგრესი არ მიიღებს „ამერიკის გადარჩენის აქტს“

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადადო ორპარტიული კანონპროექტის ხელმოწერა, რომელიც აშშ-ში ხელმისაწვდომი საცხოვრებლების მშენებლობის დაჩქარებას და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას ისახავდა მიზნად.

ტრამპის თქმით, ხელმოწერა გადაიდება, ვიდრე კონგრესი არ მიიღებს მისთვის პრიორიტეტულ – „ამერიკის გადარჩენის აქტს“, რომელსაც ტრამპი „ეროვნულ საგანგებო აუცილებლობად“ მიიჩნევს.

„დღევანდელი საბინაო პრესკონფერენცია და ხელმოწერა გაუქმებულია, ვიდრე არ მივიღებთ ძალიან საჭირო აქტს „გადავარჩინოთ ამერიკა“, რომელსაც მე ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად მივიჩნევ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი.

„როიტერის“ ინფორმაციით, კანონპროექტი უკვე დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ 358 ხმით, 32-ის წინააღმდეგ, სენატმა კი, 85 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ეს ნაბიჯი იმ დროს გადადგა, როცა აშშ-ში ცხოვრების მაღალი ღირებულება, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში ინფლაციის მნიშვნელოვნად მატებასთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ამომრჩევლების მთავარ პრობლემად ითვლება, ასევე, დიდი საინვესტიციო კომპანიებისთვის უკვე აშენებული კერძო სახლების ფლობის შეზღუდვა.

ცნობისთვის, SAVE AMERICA ACT არის კანონპროექტი, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი მთავარი იდეაა, რომ ფედერალურ არჩევნებში ხმის მისაცემად მოქალაქეებმა რეგისტრაციის დროს წარადგინონ აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, პასპორტი ან დაბადების მოწმობა), ასევე, გამკაცრდეს პირადობის იდენტიფიკაციის მოთხოვნები. კანონპროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს გაზრდის არჩევნების უსაფრთხოებას, ხოლო მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ კანონი ბევრ ამომრჩეველს, განსაკუთრებით მათ, ვისაც საჭირო დოკუმენტები არ აქვთ, ხმის მიცემას გაურთულებს.