1776235075
The Wall Street Journal: ევროპა ამზადებს ომის შემდგომ გეგმას ჰორმუზის სრუტის გასათავისუფლებლად
ევროპული ქვეყნები ამზადებენ გეგმას ფართო კოალიციის შესაქმნელად, რათა დაეხმარონ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფას, რაც მოიცავს გამნაღმველი და სხვა სამხედრო გემების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.
თუმცა, ეს გეგმა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება და შესაძლოა გამორიცხოს ერთი კონკრეტული ქვეყანა - აშშ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს განაცხადა, რომ გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო თავდაცვით მისიას, რომელიც არ მოიცავს „მეომარ“ მხარეებს, ანუ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს. გეგმაში ჩახედული ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ევროპული ხომალდები ამერიკული სარდლობის ქვეშ არ იქნებიან.
გერმანელი მაღალჩინოსნის თქმით, ევროპული გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს გერმანიასაც, რომელიც აქამდე საჯაროდ თავს იკავებდა ნებისმიერი სამხედრო ჩართულობის განხილვისგანაც კი.
გერმანიამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ დაბრკოლებებს აწყდება საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა თავისი მზადყოფნა უკვე ხუთშაბათს დაადასტუროს.
ბერლინის ჩართულობა ნიშნავს, რომ მისია შეიძლება უფრო მასშტაბური იყოს, ვიდრე მანამდე იყო მოსალოდნელი. გერმანიას აქვს უფრო დიდი ფისკალური რესურსი, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს, და ასევე ფლობს რამდენიმე საკვანძო სამხედრო აქტივს, რომელიც აუცილებელია ამ კონკრეტული მისიისთვის.
ამ პარასკევს მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უმასპინძლებენ რამდენიმე ათეული ქვეყნის ონლაინ შეხვედრას, რათა განიხილონ, როგორ გააკონტროლონ ჰორმუზის სრუტე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. სტარმერი პარიზის ღონისძიებას პირადად დაესწრება, ხოლო სხვა ქვეყნების უმეტესობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაერთვება. ფრანგი და ბრიტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ შეხვედრას არ დაესწრება. მოწვეულნი არიან ჩინეთი და ინდოეთიც, თუმცა ფრანგი მაღალჩინოსნის თქმით, მათი დასწრება ჯერჯერობით გაურკვეველია.












