1770920794
The Wall Street Journal: აშშ-მა საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ ირანში ფარულად შეიტანა Starlink-ის ათასობით ტერმინალი
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ თვეში რეჟიმის მიერ დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ ირანში ფარულად გაგზავნა Starlink-ის ათასობით ტერმინალი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც იანვარში ირანის ხელისუფლებამ ათასობით მომიტინგის მკვლელობითა და ინტერნეტკავშირის მკვეთრი შეზღუდვით მზარდი მღელვარება ჩაახშო, აშშ-მა ქვეყანაში სატელიტური ინტერნეტის დაახლოებით 6 000 კომპლექტი მალულად შეიტანა.
ოფიციალური პირების განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა წინა თვეებში - ძირითადად იანვარში - Starlink-ის თითქმის 7 000 ტერმინალი შეიძინა, რათა ანტისამთავრობო აქტივისტებს ირანში ინტერნეტის გათიშვისთვის გვერდის ავლით დახმარებოდნენ.
შესყიდვა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, ირანში ინტერნეტის თავისუფლების სხვა ინიციატივებისთვის განკუთვნილი თანხების ნაწილი Starlink-ის ტერმინალების შეძენაზე გადაემართათ.
ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი საქმის კურსში იყო ამ მიწოდებების შესახებ, თუმცა მათ არ იციან, გეგმა უშუალოდ მან დაამტკიცა თუ სხვამ.











