საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაბლოკოს სასამართლო განჩინება, რომელიც მას BBC-სთვის საკუთარი კომპანიის ფინანსური დეტალების გადაცემას ავალდებულებს - ის აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პოლიტიკურად არის მოტივირებული, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
გასულ დეკემბერს ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიამ განზრახ არასწორად დაამონტაჟა 2021 წლის 6 იანვრის სიტყვით გამოსვლა, რათა ისე წარმოეჩინა, თითქოს ტრამპი კაპიტოლიუმის დარბევამდე მომხრეებს ძალადობისკენ აქეზებდა. BBC-მ გადაცემა Panorama-ში გასული მასალის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ცილისწამება უარყო.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტურმა ფილმმა დააზარალა მისი „ბრენდი, უძრავი ქონება და ბიზნესი“, გასულ თვეს მაგისტრატმა მოსამართლემ, ენჟოლიკ ლეტმა მას ცილისწამების სარჩელთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემების გასაჯაროება დაავალა.
ოთხშაბათს ტრამპის ადვოკატებმა გადაუდებელი შუამდგომლობა შეიტანეს გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით და მოსამართლე ლეტს დოკუმენტაციის წარდგენის ბრძანების გაუქმება სთხოვეს. მათ BBC დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ცდილობს „არამართლზომიერად გამოიყენოს ეს სასამართლო დავა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ BBC-მ გასცა „არასათანადოდ ფართო უწყება“, რომელიც იყო „უსაფუძვლო და არაპროპორციული“ და მოიცავდა დაახლოებით 400 ბიზნესსუბიექტის კონფიდენციალურ საგადასახადო და საკუთრების ჩანაწერებს.
„BBC-ის მოტივი უაღრესად აშკარაა - უკანონოდ გამოიყენოს აღნიშნული დავა საკუთარი და პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტების პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმ წამსვე, როდესაც ეს ჩანაწერები BBC-ს მიეწოდება, ზიანი სრულყოფილი და შეუექცევადი გახდება“, - აღნიშნულია შუამდგომლობაში.
BBC-ის ადვოკატების განცხადებით, ეს ჩანაწერები აუცილებელია ტრამპის იმ პრეტენზიების შესაფასებლად, თითქოს მის იმპერიას ზიანი მიადგა. თავდაპირველი სარჩელი 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, თუმცა სასამართლოში წარდგენილ სხვა დოკუმენტში 5 მილიარდი იყო მითითებული.