The Telegraph: სტარმერმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი უთხრა. ამისთვის მზად არც საფრანგეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა არიან

ჰორმუზის სრუტე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უარს ამბობს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნაზე დონალდ ტრამპის მოწოდების პასუხად, - წერს The Telegraph-ი.

ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ედ მილიბანდმა განაცხადა, რომ მთავრობა „ინტენსიურად სწავლობს“, თუ რისი გაკეთება შეიძლება სრუტის გახსნისთვის, თუმცა მყარი ვალდებულებების აღებაზე უარი თქვა. კერძოდ, განიხილება საზღვაო ნაღმების საძიებლად უპილოტო აპარატების გაგზავნის შესაძლებლობა. თუმცა, ამ ეტაპზე ბრიტანეთის მთავრობა სრუტეში სამხედრო გემების გასაგზავნად მზად არ არის.

როგორც The Telegraph-ი წერს, სამხედრო გემების გაგზავნისთვის მზად არც სხვა ქვეყნები არიან - საფრანგეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა. ქვეყნებს შორის იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ომი შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურდეს.

იაპონიამ და ავსტრალიამ ასევე განაცხადეს, რომ არ გეგმავენ სამხედრო-საზღვაო ხომალდების გაგზავნას ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტის გავლით გემების ესკორტირებისთვის, - წერს Reuters-ი.

ამავდროულად, როგორც The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება, ტრამპის ადმინისტრაცია ამ კვირაში აპირებს გამოაცხადოს, რომ რამდენიმე ქვეყანა ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილების მიზნით კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმდა. თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი - უცნობია.

15 მარტს სტარმერმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ამ საუბრისას მათ განიხილეს „ჰორმუზის სრუტის გახსნის მნიშვნელობა“, - წერს The Telegraph.

უქმეებზე ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები გაგზავნიან სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის რაიონში, რათა იქ გემების მიმოსვლა უსაფრთხო იყოს.